29.10.2019

ექსკურსია სიყვარულის კუთხეში.

25-26 ოქტომბერს მოეწყო ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალის ექსკურსია რაჭაში. მწვანეში ჩაფლული საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე განსაკუთრებით მიმზიდველია შემოდგომაზე. ბუნების მშვენიერება, სუფთა ჰაერი, მისი სანახაობრივი მხარე და სალოცავები ხიბლავს რაჭაში ჩამსვლელთ. ექსკურსიაზე მყოფებმა ორ დღეში მოინახულეს და მოილოცეს ბარაკონის ღვთისმშობლის, მრავალძალის წმ. გიორგის, ნიკორწმინდის წმ.ნიკოლოზის ტაძრები, გოგნის წმ.გიორგის სალოცავი (კარუგდებელი). მრავალძალის წმ.გიორგის ტაძარი მდებარეობს მრავალძალის ცაში აზიდულ მთაზე (ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ.). აგებულია ХI საუკუნეში. მას საუკუნეების მანძილზე ემსახურებიან სხირტლაძეების გვარიშვილები (წარმოშობით ყოფილან აჭარიდან). მთიდან „ხელისგაწვდენაზე“ მოჩანს ჭოლევის კლდე. გადმოცემით ამ კლდეზე გადაიჩეხენ რაჭის ასაოხრებლად მომავალი ჯალალედინის მხედრები. მნახველს ატყვევებს თეთრი ქვის პერანგში გახვეული „ნიკორწმინდას“. წმ. ნიკოლოზის ტაძარი (აგებულია Х საუკუნეში). მოინახულეს შოვი, მღვიმე „საყინულე“ (ამბროლაური), მრავალძალის მთაში მდებარე საოცრად ლამაზი ტბა. „სიყვარულის ჩანჩქერის“ წყლით (ამბროლაური) გაიწუწენ გასთხოვრები, ტოლს არც გათხოვილები უდებდნენ. „ექსკურსანტებმა ღამე გავათიეთ დიდებული რაჭველის გოიკო ლობჯანიძის ოჯახში. გახურებულ ბუხართან გაიშალა ძვირფასი ვახშამი. ითქვა მრავალი მოსაფერებელი სადღეგრძელო, მხიარულება გვიან ღამემდე გრძელდებოდა“ (ამონაწერი დღიურიდან). მეორე დღის შთაბეჭდილებებით დახუნძლულები გაეშურენ იმერეთის ლამაზ სოფელ ზედა სიმონეთისაკენ. აქ აკადემიელი ექსკურსანტები შეჩერდნენ ბუცხრიკიძეთა ძვირფას ოჯახში. მათ დიდებული მასწპინძლობა გაუწია სტუმარ-მასპინძლობით განთქმულმა გელა ბუცხრიკიძემ. ითქვა სიყვარულის, სიცოცხლის, სამშობლოს, უფლის სადიდებელი სადღეგრძელოები. ლამაზად მოლხენის შემდგომ მიკროავტობუსმა კურსი აიღო ბათუმისაკენ (მძღოლი მერაბ ზოიძე). „ავტორიზაციის მზადებასთან დაკავშირებით 2019 წ. ზაფხულში დიდი შრომის შემდეგ მოგზაურობა რაჭაში პერსონალისათვის იყო ლამაზად გატარებული დასვენების დღეები“ (რევაზ უზუნაძე, - აკადემიის დირექტორი).

219 220 221 222

223 224 225 226