7.05.2015

ღია კარის დღე

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში

(11 მაისი, 14 საათი)

23 წლის განმავლობაში ფარხმალი არასოდეს დაუყრია. მიუხედავად იმისა რომ 2007 წელს სრულიად უკანონოდ ორსართულიანი შენობა დაუნგრიეს, არ გატყდა, არასათანადო გარემოში სიცოცხლის გაგრძელების არნახული ენერგია გამოამჟღავნა, რაც 2014 წელს სასწავლებლისათვის „ავტორიზაციით“ და „სამედიცინო აკადემიის“ სახელის მინიჭებით დასრულდა.

ამჟამად ბათუმის სამედიცინო აკადემიის ცხოვრებაში განახლების, ახალი პროგრამების ათვისების, გაფართოების, სწავლების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის, სტუდენტური თვითმმართველობის განმტკიცების და საერთოდ, ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის ცხოვრებაში მისი აქტიური ჩართულობის პერიოდია....

ეს პერიოდი ხასიათდება დინამიურობით, სრულყოფილებისაკენ სწრაფვით, იდეების მრავალფეროვნებით; გვსურს ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების ნორმად ვაქციოთ თითოეული მოქალაქისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ცოდნა, საოჯახო მომსახურების ცენტრის სრული ამოქმედებით „შინმოვლის“ თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება, სადაც შემთხვევით არჩევანს ჩაანაცვლებს საიმედო გადაწყვეტილებები...

და მაინც, ჩვენი უმთავრესი საზრუნავია ის, ვინც ჩვენს საერთო მომავალს ქმნის, ჩვენს და თქვენს საერთო პერსპექტივას. ჩვენი სტუდენტი,  ჩვენი თვალით დანახულს, გულით შეგრძნობილს და გონებით გაანალიზებულს ითვისებს. სამაგიეროდ,  ჩვენ მათგან ვიძენთ სიცოცხლის ახალ სტიმულს, ვსწავლობთ ხალას ურთიერთობებს, გულწრფელობას, თავისუფლებას...

როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი?

 -  დადგა დრო, როცა ჩვენგან დასაქმებისთანავე ითხოვენ მაღალ პროფესიონალიზმს.

-  დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ვირჩევდეთ პროფესიას, რომელიც დაგვასაქმებს.

-  უნდა ავირჩიოთ პროფესია, რომელიც ჩვენგან მოითხოვს გულმოდგინებას და არ ტანჯვას.

-  უნდა ავირჩიოთ პროფესია, რომელშიც ვხედავთ ჩვენს უახლოეს პერსპექტივას და არ უნდა მივეცეთ ილუზიებს.

როცა საკითხს ასე ვსვამთ, კარგად ვხედავთ როგორც დღევანდელ რეალობას, ისე მომავლის პერსპექტივას. ჩვენი არჩევანი არ არის მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის „უმაღლესის დიპლომის“ ჯიბეში ჩადება და მერე იქ დაობება. ჩვენი არჩევანია პროფესიები, რომლებიც ჩვენს კურსდამთავრებულებს დასაქმების და საკუთარი თავის რეალიზაციის  მეტ შანსს მისცემს.

გამოიყენეთ ეს შანსი! მოდით ჩვენთან! ისწავლეთ, შეიძინეთ მეგობრები, გაიარეთ პრაქტიკა, დასაქმდით და იცხოვრეთ ბედნიერად!

                                                            პატივისცემით:  ევგენი თავდგირიძე

                                                                                          ბათუმის სამედიცინო აკადემიის

                                                                                          დირექტორის მოადგილე